უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ოჯახების მხარდაჭერის და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სახელმწიფო პროექტს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გასული წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული.
„უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არც ერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს, სახელმწიფოსგან, უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია, საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ სააგენტოში.