გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გორს“ ლევან ბურჯანაძე უხელმძღვანელებს.
კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძემ გუნდი საზაფხულო შესვენების დროს ჩაიბარა და სეზონის განახლებისთვის ემზადება.
რაც შეეხება მიზანს, ბურჯანაძის თქმით, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სავარჯიშო მეთოდოლოგიის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებაა.
„საფეხბურთო კლუბი „გორი“ ჩემთვის მხოლოდ გუნდი არ არის. ეს ჩემი ოჯახის ისტორიის განუყოფელი სივრცეა. ჩემი ბაბუა, თენგიზ ბურჯანაძე არა მხოლოდ ლეგენდარული ფიგურა იყო გორის სპორტულ ცხოვრებაში, არამედ ადამიანი, რომლის სახელიც დღეს ჩვენს სტადიონს ამშვენებს. ეს ადგილი მისი შრომით, თავდადებით და ფეხბურთისადმი სიყვარულით შეიქმნა.
ამ ფონზე ჩემთვის განსაკუთრებული ემოციაა „გორის“ დირექტორად დანიშვნა. ეს არ არის უბრალოდ პროფესიული ნაბიჯი, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემს საფეხბურთო მემკვიდრეობას უკავშირდება და ამავდროულად, უკეთესი მომავლის შექმნის სურვილს აჩენს.
ჩემი მთავარი ამოცანა გორის საფეხბურთო ეკოსისტემის განვითარებაა. კონკრეტულად კი ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სავარჯიშო მეთოდოლოგიის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებაა. იმედია, დასახული მიზნების მიღწევაში ჩემი, როგორც სერტიფიცირებული საფეხბურთო მენეჯერის კვალიფიკაცია გუნდს დადებითად წაადგება.
ვფიქრობ, გორს აქვს უნიკალური პოტენციალი. ქალაქს, რომელსაც ფეხბურთის სიყვარული გენეტიკაში აქვს, სჭირდება სწორი მიმართულება, მხარდაჭერა და სტაბილური განვითარების გზა.
მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც მომეცა. ეს არის სფერო, რომელსაც არა მხოლოდ ვიცნობ, არამედ გულით მიყვარს და ბოლომდე ვემსახურები“, - აღნიშნა ლევან ბურჯანაძემ.