გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში საბავშვო ბაღი აშენდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. დაგეგმილია უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა - მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, გათბობის, წყალმომარაგების და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზო, ხოლო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში თავდაპირველად დაგეგმილი იყო 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, თუმცა, არსებული შენობის მდგომარეობის საფუძველზე, ძველი ბაღის დემონტაჟის და მის ადგილას სრულიად ახალი შენობის აშენების შესახებ მიღეს გადაწყვეტილება.