საზოგადოება
06.08.2025 13:48
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ, სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

„აღნიშნული პროგრამა მათ საშუალებას აძლევთ, აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე, ერთი სასწავლო წელი დაეუფლონ ქართულ ენას, ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და, პარალელურად, ქართულ ენაზე მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები გაიარონ.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის საფასურით, ყოველთვიური სტიპენდიით და საცხოვრებლით.

აბიტურიენტთა განაცხადები მიიღება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში“, - აცადებენ უწყებაში.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

 

 

 

კვირის ამბები