საზოგადოება
06.08.2025 12:11
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზის“ ჩატარების თარიღი ცნობილია - მასშტაბური კულტურული ღონისძიება პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც გაიმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ჩატარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და უცხოელი სტუმრებისათვის იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო ახლოს გაეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ისტორიას.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფესტივალი 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება და წელს, უკვე მეთორმეტედ, ფესტვალი თავს მოუყრის ანიმაციის მოყვარულებს, პროფესიონალებს, ხელოვანებს და სტუმრებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფესტივალი ეყრდნობა იდეას - „ნგრევის პასუხად ხელოვნება, თანამშრომლობა და მშვიდობა. ორგანიზატორი კი, ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ პოლონელი, იაპონელი, ამერიკელი და ქართველი მეგობრების დახმარებით ხელახლა დაარსდა.

„ფესტივალი იმართება სკოლის და უძველესი მონასტრის სივრცეებში - იქ, სადაც ომის დროს დაინგრა ანიმაციის სტუდია. ნიქოზის ფესტივალი განსხვავდება სხვა ანიმაციური ფესტივალებისგან. ეს არა კონკურსი, არამედ შეხვედრა, საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებრივი დიალოგის პლატფორმაა. ფესტივალს თან ახლავს გამოფენები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები, მასტერკლასები, დისკუსიები, ლექციები და სემინარები“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები