საზოგადოება
06.08.2025 11:29
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის (მტკვრის შესართავთან) ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ლიახვის კალაპოტში მყარი ნატანის დაგროვების შედეგად ჩამოყალიბდა მცენარეებით დაფარული კუნძულები და ნახევარკუნძულები, რამაც მარცხენა ნაპირისკენ კალაპოტის გადახრა გამოიწვია და, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს ახლადრეაბილიტირებული პარკისთვის. სწორედ ამ გამოწვევის გადასაჭრელად დაიგეგმა ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც პარკის დაცვას შესაძლო დაზიანებებისგან უზრუნველყოფს.

„პროექტის ფარგლებში დამუშავდება კალაპოტის გრუნტი, განახლდება არსებული რკინაბეტონის ნაპირდამცავი კედლის დაზიანებული ნაწილი, მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის კედელი და შესრულდება სხვა აუცილებელი სამუშაობი, რაც მდინარის ნაპირის სტაბილურობას და დაცვას განაპირობებს.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7.6 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის განხორციელების ვადად კი სამუშაოების დაწყებიდან 9 თვეა განსაზღვრული“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კვირის ამბები