საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის კონსტანტინე თავზარაშვილის გარდა, არსებული ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი დადიანიძემ და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების თანამშრომელმა გიორგი გოდერძიშვილმა.
არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ თანამდებობების დატოვება შესაძლოა უკავშირდებოდეს1-2 აგვისტოს, გორის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის (კომბინატის დასახლების ტერიტორიის გარდა) სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლებისთვის განმარტება გააკეთა, რომ სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა.
„განვმარტავთ, რომ სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა.
პრობლემის შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარებისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პირველივე წუთებიდან ჩართული იყო პროცესში, რათა მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.
შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ ეტაპზე წყალმომარაგება აღდგენილია და მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
აქვე განვმარტავთ, რომ მრავალბინიანი კორპუსის სამშენებლო ნებართვა გაცემულია კანონის სრული დაცვით“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.