საზოგადოება
05.08.2025 16:04
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე თავზარაშვილმა პოსტი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია „გორის მაცნეს“ რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების რამდენიმე თანამშრომელმა.

არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, 1-2 აგვისტოს გორის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტას უკავშირდება.

სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც კერძო პირმა მშენებლობისთვის ფუნდამენტის მომზადების სამუშაოების დაწყებისას, პროექტით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ გამავალი სასმელი წყლის მაგისტრალური მილის გადატანის სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა.

„განვმარტავთ, რომ სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა.

პრობლემის შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარებისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პირველივე წუთებიდან ჩართული იყო პროცესში, რათა მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.

შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ ეტაპზე წყალმომარაგება აღდგენილია და მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

აქვე განვმარტავთ, რომ მრავალბინიანი კორპუსის სამშენებლო ნებართვა გაცემულია კანონის სრული დაცვით“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები