დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. სპეციალისტების თქმით, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირია თბური ტალღის დროს შეუძლოდ გახდომის შემთხვევები და რეაგირება სიმპტომების გამოვლენისთანავეა საჭირო.
„გორის მაცნე“ უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას, მიმართეთ ექიმს;
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი;
თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე ხანგრძლივად გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება;
თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე;
თუ ვინმეს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები, მიმართეთ ექიმს;
თუ ვინმეს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს;
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი. კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტები, ტანი დაუზილეთ 25-30°C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.