დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის.
მინისტრის თქმით, ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, დეფიციტური სპეციალობების ნუსხა განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.
„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, მოიცავს: ფსიქიატრიას, რადიაციულ ონკოლოგიას, ბავშვთა გასტროენტეროლოგიას, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგიას, ბირთვულ მედიცინას, კარდიოქირურგიას, ნეიროქირურგიას, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიას, ნეფროლოგიას, გადაუდებელ მედიცინას, ბავშვთა გადაუდებელ მედიცინას, ბავშვთა ინფექციურ სნეულებებს, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგიას, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიას, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიას, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგიას, რევმატოლოგიას და სასამართლო მედიცინას.