შიდა ქართლში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამჯერად, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ხორციელდება.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აგარის მოსწავლეების საგანმანათლებლო გარემოს.
რაც შეეხება პროექტს, ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის და სამეცნიერო ლაბორატორიის მოწყობას, სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების სრულ განახლებას. სკოლის შენობა, ასევე, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 7.5 მილიონ ლარს შეადგენს.