რეგიონი
04.08.2025 15:34
რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად, ახალი პროექტი იწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის, რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2.9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე აშენდება ახალი 389-მეტრიანი ხიდი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს. შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსანის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად, სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩქაროსნულ მაგისტრალს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კვირის ამბები