საზოგადოება
04.08.2025 13:44
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოიკითხა 139 პირი, ამასთან, გაიმართა ერთი გასვლითი სხდომა ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცესპიკერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, 430 გვერდიანი დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ეფუძნება.

,,კომისიის დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ,,ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით.

ეს არის დოკუმენტი, რომელსაც, ნებისმიერი ადამიანი რომ გაეცნობა (განურჩევლად ასაკისა და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან), ნახავს, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება.

ასევე იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამისს საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამისს სასამართლოებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და ნამდვილი კვლევა აწარმოონ და საკუთარი სამშობლოს ინტერესებისათვის გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც სხვა შორის არსებობს და გაძლიერება სჭირდება, ეს მასალა გამოადგებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი; კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარდგენილი დეპუტატები: - სოზარ სუბარი; გურამ მაჭარაშვილი; ილია ინჯია; დეპუტატები ფრაქცია ,,ქართული ოცნებიდან" - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე; ალუდა ღუდუშაური; ირაკლი ქადაგიშვილი.

კომისიის სხდომაზე დაბარებისას გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი პასუხისგებაში მიეცა და სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნას საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი.

კვირის ამბები