დღეიდან, 4 აგვისტოდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე: online. naec. ge მიიღება და 6 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
„გასაჩივრების საფასურის გადახდა საჭიროა სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
აბიტურიენტს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ აპელაციის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრჩელებულ ინფორმაციაში.