საზოგადოება
04.08.2025 12:54
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა - ბენეფიციართა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ბენეფიციარებს შეეძლებათ რეგისტრაცია 2025 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში გაიარონ. რეგისტრაცია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე განხორციელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, ონლაინ ვებგვერდზე – ost. moh. gov. ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

„ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის პაციენტი 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად“, - აცხადებენ უწყებაში.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 230 10 53.

კვირის ამბები