დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. სპეციალისტების თქმით, ზაფხულის ცხელ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების - დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. აღნიშნულისგან თავის დასაცავად კი პრევენციული ღონისძიებებია საჭირო.
„გორის მაცნე“ უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი - ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი;
მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი;
აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა;
ახლადმომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ;
არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი;
არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია მიიღოთ საღი, ახლადგაფცქვნილი ხილი;
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში;
სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს;
ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას;
მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოების კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი და/ან კოღოები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული.