სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სეზონური ხილის, ბაღჩეულის და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშები გამოიკვლიეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან 84 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
„ლაბორატორიული კვლევით გამოიკვეთა, რომ ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმის და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოს და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).
სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას“, - აცხადებენ სააგენტოში.