საზოგადოება
29.07.2025 11:24
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხვალ, 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება და ბიუჯეტის ამოწურვამდე (3 მლნ ლარი) გაგრძელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე, არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით: რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობის (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება.

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა“, - აცხადებენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თვითმმართველი ქალაქების გარდა).

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. ge.

კვირის ამბები