დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა.
მსმენელებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს და ახალ პროფესიულ გზაზე წარმატებები უსურვეს.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ განათლების მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეროვნული თავდაცვის აკადემია ამ კუთხით განსაკუთრებული დატვირთვის მქონე სასწავლო დაწესებულებაა.
მაგისტრანტებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი უჩაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მაგისტრატურის მეშვიდე გამოშვების კურსდამთავრებულებს და წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამი სამაგისტრო პროგრამა აქვს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა. მიმდინარე სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 26-მა მსმენელმა დაასრულა. სამაგისტრო პროგრამები 18 სასწავლო საგნისგან შედგება. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამების გავლის შესაძლებლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს“, - აღნიშნეს აკადემიაში.