პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს - გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას.
ნაკრების წევრების გარდა, დაჯილდოვდნენ მწვრთნელები, პერსონალი და კალათბუთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.
დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი კალათბურთელების თავდადებას, პატრიოტიზმს და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. სპორტში განსაკუთრებით ვლინდება ეს ნიჭი, თუმცა, ნიჭთან ერთად, რომ არა თავდადება, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი ვერავითარი წარმატება ვერ შედგებოდა. თქვენ ხართ იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი კაცის შემართება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კაპიტანს. დღეს ჩვენთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელმაც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით, ხუთი დღის განმავლობაში ჯერ იტალიაში ითამაშა, შემდეგ ისლანდიაში გაფრინდა, შუალედში ისევ ბოლონიაში ითამაშა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გადამწყვეტ თამაშზე. მან ლომის წილი დაიდო იმ გამარჯვებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ასეთია თითოეული თქვენგანის შემართება. კაპიტნის მაგალითი არის განსაკუთრებული, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უნდა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა. მას შემდეგ, რაც ქართულმა კალათბურთმა იზეიმა განსაკუთრებული გამარჯვებები, ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში მოტივაცია, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი, მთავრობის პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ამის
თვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, ძალიან ძლიერი გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე და მინდა, გისურვოთ მაქსიმალური წარმატება. თქვენ გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.