ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი - 2025“ დასრულდა. კონკურსის ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას კონკურსის მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ლიტერატურული კონკურის წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებული ავტორი ტარიელ ხარხელაური დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ, ასევე, 2025 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელის“ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი. საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, პრემია (3000 ლარი) გადაეცათ.
„კონკურსი „მაჩაბელი“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია და მეხუთე წელია, იმართება. კონკურსის მიზანი რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაციაა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული კონკურსის ტრადიციული სპონსორია და კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს“, - აღნიშნეს გორის მერიაში.
შეგახსენებთ, ლიტერატურული კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია. კონკურსის კოორდინატორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.