გორელმა ძიუდოისტებმა ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორი მედლით დაასრულეს.
ვერცხლის მედალი გიორგი ზურაბაშვილმა მოიპოვა. გორელი სპორტსმენი ფინალში ლიეტუველ მაიუს გენისს დაუპირისპირდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, იოანე აბალაკის ანგარიშზეა. ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში სერბი პეტარ ნოვაკოვიჩი დაამარცხა.
გიორგი ზურაბაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილია.
იოანე აბალაკი კი ძიუდოს კლუბ ,,გორიჯვრის“ სპორსტმენია. ძიუდოისტის მწვრთნელი მალხაზ ავაზნელია.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ ერთი გორელი სპორტსმენი - გიორგი ბაბუციძე ასპარეზობდა, თუმცა, მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა შვიდი მედალი: სამი - ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვა.
შეჯიბრში სპორტის 15 სახეობაში 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) 36-მა სპორტსმენმა იასპარეზა.