საზოგადოება
28.07.2025 10:47
28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. თარიღი ნობელის პრემიის ლაურეატის და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ შეირჩა.

აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისთვის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა. გარდა ამისა, უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებიც.

მედიკოსთა თქმით, პროგრამის დაწყებიდან (2015 წლის 21 აპრილი) მასში 91300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. მკურნალობა დაასრულა 87 000-მა  მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელი კი 98.5%-ია. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება დაახლოებით 70%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. წარმატებული ვაქცინაციის და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით, C ჰეპატიტთან ერთად, რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევაც.

ცნობისთვის, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

კვირის ამბები