ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე მღებრიშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარდა პრეზენტაცია.
კობა კობალაძემ დამსწრე საზოგადოებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუციური განვითარების დინამიკის, სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოს და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები გააცნო.
როგორც „გორის მაცნესთან“ კობა კობალაძემ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესებაა.
„მოხარულები ვართ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განათლების სეგმენტს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. დღევანდელ შეხვედრაზე დავგეგმეთ სამომავლო ურთიერთობების განხორციელების გზებიც“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა მემორანდუმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან განათლების მიღების ხელშეწყობა დიდი მოტივაციაა.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად თანამშრომლობს. სტუდენტების გარკვეულ ნაწილს, ვეტერანთა შვილებს პერიოდულად სწავლის გადასახადის 50%-ს უფინანსებს, რითაც მომავალ თაობას ხარისხიანი განათლების მიღებაში ეხმარება“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თბილისსა და ბათუმში. თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნის მასშტაბით, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც გეგმავს.