ხვალ, 25 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე მღებრიშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში „გორის მაცნეს“ განუცხადეს, შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუციური განვითარების დინამიკის, სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე პრეზენტაციას გამართავს; ისაუბრებს ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე; ქვეყნისთვის მოტივირებული, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის მნიშვნელობაზე, სამსახურის სამომავლო გეგმებზე და მათ განხორციელებაში საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობის აუცილებლობაზე.
შეხვედრის და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქებაა.
მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების სფეროში, ვეტერანების, მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ამ მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თბილისსა და ბათუმში და გეგმავს თანამშრომლობის გაღრმავებასა ქვეყნის მასშტაბით, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანის 66 სტუდენტი შვილის თანადაფინანსებაში მიიღო სამსახურმა მონაწილეობა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა”, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.