ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. გორის მე-3 საჯარო სკოლაში, საგამოცდო ცენტრში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმყოფებოდა.
გივი მიქანაძემ გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა, ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და გამოცდის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო.
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა.
მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება‘‘. - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა. გასული წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში იყო გახსნილი.