შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურში №2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ახლადრეაბილიტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მოინახულა.
440 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. განხორციელდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავის და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
„საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდა და 5.2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. საგანმანათლებლო დაწესებულება გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა გადაუდებელ სამუშაოებს“ - აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.