საზოგადოება
24.07.2025 12:15
ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება და რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე განხორციელდება.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ავიარეისები კვირაში 3 დღე - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის ივნისში მიანიჭა.

IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე ასრულებს და გასულ წელს ამავე მიმართულებით 75 034 მგზავრს მოემსახურა” - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები