გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლის რეგიონს სტუმრობდა.
დავით სონღულაშვილი ადგილზე გაეცნო სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით რეგიონში მოქმედ საწარმოებში მიმდინარე საქმიანობას.
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ და ფერმერებს შეხვდნენ.
მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობაშიც იმყოფებოდა და წარმოების პროცესს გაეცნო.
დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს შეხვდა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის მიმართულებით რეგიონში განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში კომპანიების „Family Farm“ და „FFF Georgia“ მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი სოფელ ხანდაკში მეღორეობის ფერმა „ახალი ფერმასაც“ ესტუმრა და ცხოველთა კვების სისტემის მუშაობის პრინციპებს გაეცნო, მოისმინა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების წესების და ვეტერინარული კონტროლის მექანიზმის შესახებ, ასევე, დაათვალიერა მშენებარე ობიექტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კომპანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდას შეძლებს.
დავით სონღულაშვილთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.