ფლეიტისტთა მეცხრე ფესტივალი, რომელსაც გორი მასპინძლობდა, საზეიმოდ დასრულდა.
დასკვნით კონცერტს სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯმა უმასპინძლა და ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ, სამ ასაკობრივ კატეგორიაში კი სამი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა.
ღონისძიებაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და გორის კულტურის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადასცეს.
რაც შეეხება ფესტივალს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, რვა დღის განმავლობაში ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლა მასპინძლობდა. ორგანიზებას კი ფესტივალის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკის დოქტორი მაგდალენა კუნი, ასისტენტები დაფნა ჰოლცერი, კახი ჩარგეიშვილი და მერი ჟვანია უწევდნენ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის ფლეიტის კლასის მოსწავლეები მზია ფაცინაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე, ჩოხატაურის ფილიმონ ქორიძის სამუსიკო სკოლის, რევაზ ლაღიძის სახელობის რუსთავის მესამე სამუსიკო სკოლის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის, თბილისის კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედის“ ფლეიტისტები.
ფესტივალი განმავლობაში ჩატარდა მასტერკლასები, თეორიული და პრაქტიკული აქტივობები. მოეწყო ექსკურსია, ასევე, ფესტივალის მონაწილეებმა ღია ცის ქვეშ, გორის თეატრის სკვერში კონცერტი გაიმართეს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა მაგდალენა კუნიმ გორის სამუსიკო სკოლას 5 ფლეიტა გადასცა.