გორის სახელმწიფო უნუვერსიტეტში ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
საერთაშორისო ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ხელოვანებმა. კერძოდ, გაიმართა მასტერკლასები, პრეზენტაციები, ფილმების პრემიერები, ფოტოგამოფენები. ამასთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“.
„ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას ინოვაციური ფორმატით წარმოაჩენენ. 90-წლიან ისტორიულ გზაზე უნივერსიტეტი აგრძელებს გზას, რომლის საფუძველიცაა განათლების, მეცნიერების და ხელოვნების მჭიდრო კავშირი“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჟიურის წევრებმა ტრაგიკულად დაღუპული გორელი ფოტოგრაფის მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსის - „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ გამარჯვებულებიც გამოავლინეს: I ადგილი - ქეთევან გელაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი); II ადგილი - გურამ კაკიაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ხოლო III ადგილი ლევან სულთანიშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოიპოვა.