შიდა ქართლის ინოვაციების ბანაკში - STEAM SUMMER 2025 მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.
ბანაკი კასპის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით და კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით იმართება და ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების STEAM დარგებით დაინტერესებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება ბანაკში მონაწილეობას, ბენეფიციარები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე და 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ აგვისტოში, 5 დღის განმავლობაში იმუშაოთ რეალური პრობლემების გადაჭრაზე.
„ბანაკის ფარგლებში მონაწილეები გაერთიანდებიან 2-4 კაციან ჯგუფებში და მენტორების, მოწვეული ტრენერების და გუნდის ლიდერების დახმარებით, შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს, გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც დაეხმარებათ პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ბანაკის ბოლო დღეს კი წარმოადგენენ პროექტებს ფართო აუდიტორიის წინაშე“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ კასპის ტექნოპარკის ბანაკში, წელს აღარ მიიღებენ მონაწილეობას.
დაინტერესებულ პირებს ბანაკში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სარეგისტრაციო ბმულზე.