საზოგადოება
21.07.2025 11:39
რეინჯერებმა სოფელ ბიისის ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკის მოწესრიგება დაასრულეს

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისის ჩანჩქერამდე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, ბილიკზე მოეწყო ეკო-მეგობრული მცირე ხიდები, მთლიანად განახლდა მარკირება, ეკლების და ხის ტოტებისგან გაიწმინდა ბილიკები, ვიწრო მონაკვეთები გაფართოვდა და გამაგრდა.

„ბიისის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა ლანდშაფტის ტერიტორიაზე. ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკი კი მარტივი სირთულისაა და ყველა ასაკის ვიზიტორისთვის უსაფრთხო, ხანმოკლე ლაშქრობას უზრუნველყოფს.

მანამდე ბილიკზე გადაადგილება მდინარის რამდენჯერმე გადაკვეთას მოითხოვდა, რაც ხშირად ფეხის დასველების გარეშე ვერ ხერხდებოდა.

ვაგრძელებთ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სხვა ტურისტული ბილიკების მოწესრიგებას ეკო-სტანდარტების დაცვით“, - აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში.

კვირის ამბები