საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში კახი კახიაშვილის მიერ დაარსებულ სპორტულ ბაზაზე „კახის კლუბი” გაიხსნა.
ღონისძიებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, პარლამენტის წევრები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, მძლეოსნობის ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მრავალფუნქციური ბაზის არსებობა და ამ დიდი საქმისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. ეს არის მისი დიდი შრომის შედეგი.
აღნიშნული სასპორტო ინფრასტრუქტურა როგორც ძალოსნობის, ასევე ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ახალგაზრდების ინტერესსაც იწვევს.
ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მზად ვართ ასეთ ეროვნულ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ადგიილზე მოვაწყეთ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარეგანათება და მომავალშიც აუცილებლად ხელს შევუწყობთ ამ კომპლექსის განვითარებას. იმედი მაქვს, ახალგაზრდები თავის სიტყვას იტყვიან სპორტში, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო და მოხარული ვიქნები თუ ახალგაზრდები სავარჯიშოდ ცხინვალიდანაც ივლიან, რომელიც ამ სოფლიდან 2 კილომეტრშია“, - აღნიშნა გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ცნობისთვის, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სპორტული ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინ მოაწყო. სპორტული ბაზა სავარჯიშო ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ აღჭურვა. ამჟამად, ბაზაზე როგორც მეღვრეკისში, ისე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 50-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს.