საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უაქციზო ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო 3 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები. აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ კი 68 588 (1 371 760 ღერი) კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
„შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში“, - აცხადებენ უწყებაში.