საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
გივი მიქანაძემ,სიმონ გულედანმა და კონსტანტინე ბუზალაძემ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღი მიულოცეს და განათლების სფეროს განვითარებაში უნივერსიტეტის როლზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და გიორგი გაბუნია „საიუბილეო სამახსოვრო მედლით" დააჯილდოვა.
„90 წელი არ გახლავთ მხოლოდ ციფრი, ეს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა, ტრადიცია და ერთგულებაა განათლებისადმი.
მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა, ომების და დროებითი გამყოფი ხაზების, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ინარჩუნებდა ინტელექტუალური ცენტრის სტატუსს რეგიონსა და ქვეყანაში. თაობა, რომელიც აქ სწავლობდა თუ ასწავლიდა, თითო აგური იყო იმ კედლებში, რომლებმაც უნივერსიტეტი დღემდე მოიყვანა.
90-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგია არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული, ასობით გამორჩეული პედაგოგი, პროფესორი, აკადემიკოსი და ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ფასეული ღირებულებები.
შეუძლებელია არ აღინიშნოს უნივერსიტეტის პოლიტიკური დატვირთვა. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვე უნივერსიტეტის დანიშნულებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს – ცხინვალის უნივერსიტეტი, რომელიც დროებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს, ამის თვალსაჩინო მაგალითია.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვუსურვებ მტკიცე ნაბიჯებით სიარულს მომავლისკენ, ინოვაციების, ინტეგრაციის და იმ ღირებულებების პატივისცემის გზაზე, რომელმაც აქამდე ასე ღირსეულად მოიყვანა”, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.