გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი ფაქტის დროს დაშავებულ პოლიციელთაგან ორი მათგანი სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული ორს კი მკურნალობა კლინიკა „გორმედში“ უტარდება. ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის, გია ჯავახიშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა და ამჟამად ორივე მოთავსებულია ქირურგიული განყოფილების სტაციონარის პალატაში.
გია ჯავახიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ანალოგიურად, სტაბილურია იმ ორი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელთა შეყვანაც „გორმედში“ მოხდა.
სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.
პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.