საზოგადოება
16.07.2025 13:31
გორში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და საჭიროებები განიხილეს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მხარის რწმუნებულმა სიმონ გულედანმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა,  სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას,„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება  გაამახვილა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობაზე და განაცხადა, რომ სამუშაოები რეგიონებიდან მიღებული წინადადებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმება. 

შეხვედრაზე ასევე, შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და  საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. 

„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, აუცილებელია, ფერმერებმა   საქართველოს მელიორაციასთან წყალსარგებლობის შეთანხმება გააფორმონ, რათა წყლის არსებული  რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება შევძლოთ“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, შიდა ქართლის რეგიონში სარწყავი სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყლით უზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

 

კვირის ამბები