ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს
ზაფხულში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით იზრდება ხანძრის რისკები, ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დადგენილ აკრძალვებს დაემორჩილონ.
„ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ტყეში უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე.
ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.