შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
სხდომას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, პარლამენტის წევრები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზაალ დუგლაძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც მუნიციპალიტეტების მერებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.