გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის, „მომავლის მწვანე ბანაკში“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.
ეკოლოგიით, ბუნების დაცვით და კრეატიული იდეების განხორციელებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საგანმანათლებლო ბანაკის მოწყობას გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილება გეგმავს.
„რა გელით ბანაკში? შეხვედრები დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, გადამუშავებისა და ეკოაქტივიზმის თემებზე; ვორქშოფები Canva-სა და გადამუშავებულ მასალებზე; თამაში Kahoot-ზე; პრაქტიკული დავალებები თემში და ჰერბარიუმების შექმნა, გუნდური აქტივობები და სახალისო ეკო გამოცდილება.
შეხვედრები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, 21 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით (კვირაში 1 დღე) გაიმართება. შეხვედრების ხანგრძლივობა კი 1, 5 - 2 საათია“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.