,,Monster World” - ის ფენტეზური სამყაროს პერსონაჟი, რომლის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ასობით მილიონ დოლარს აჭარბებს,
პატარა ურჩხული-მონსტრი - ლაბუბუ.
ლაბუბუ Kasing Lung-ის მონსტრების ფენტეზურ სამყარო სხვადასხვა არსებებთან ერთად ცხოვრობს და მისი ისტორია ერთი შეხედვით იდუმალია, რადგან დეტალურად არასდროს არის ბოლომდე გაშიფრული. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი პატარა ურჩხული-მონსტრი გოგონაა, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭებიც - ზიმომო და ტიკოკო. ლაბუბუ ზოგჯერ მოწყენილია, ძირითადად კი, ცელქი და ემოციურია.
ლაბუბუ - ჰოლანდიაში დაბადებულ ჰონკონგელი ილუსტრატორის, კესინ ლუნგის შემოქმედებაა. პერსონაჟი პირველად 2015 წელს, სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული ტრილოგიის, ,,მონსტრების” გვერდებზე გამოჩნდა.
ჩინური კომერციის გიგანტის, Pop Mart-ის აღწერით, ლაბუბუ ,,ელფური არსებაა, რომელსაც კეთილი გული და სხვებისთვის მუდმივი დახმარების სურვილი აქვს, თუმცა, უნებლიედ, ხშირად საპირისპიროს აღწევს“.
Pop Mart-მა ლაბუბუ სათამაშოების ინდუსტრიაში 2019 წლიდან ჩაუშვა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა, 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოვიდა ლაბუბუს მინი ვერსიები - საკიდი, განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა. ყუთები, რომლებსაც სანამ არ გახსნი, არ იცი, რომელი სათამაშო ამოგივა, ამჟამად ისტერიულად პოპულარული და მოდურია.
პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ცნობილი ადამიანები ,,ტიკტოკსა“ და სხვა სოციალურ პლატფორმებზე აქტიურად საუბრობენ ლაბუბუზე, პერსონაჟით თავის მოწონების განსაკუთრებულად პოპულარული გზა მისი ძვირადღირებულ ჩანთებზე განთავსებაა.
მოკლედ, პატარა ურჩხული-მონსტრი დღეს ყველაზე პოპულარულია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში და შემოსავლების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მწარმოებლებიც დამატებით სიახლეებს ნერგავენ ლაბუბუს ინდუსტრიაში.
ამჟამად ლაბუბუს არაერთი ვერსია არსებობს, თუმცა, ზოგი მოდელი იშვიათია და შესაბამისად, ძალზე მაღალ ფასად იყიდება. მაგალითად, ლაბუბუს ერთ-ერთი იშვიათი ვერსია, რომლის სიმაღლეც 131 სანტიმეტრია, აუქციონზე 150.390 დოლარად გაიყიდა და თავის კატეგორიაში ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
პოპულარობის პარალელურად, ერთი შეხედვით უწყინარ პერსონაჟს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და ჩნდება კითხვები - ხომ არ არის ლაბუბუ მესოპოტამიური მითოლოგიის დემონური არსების - პაზუზუს ანალოგი (რომელსაც გარეგნულად წააგავს) და რამდენად მიზანმიმართული იყო უძველესი დემონის გამოსახულების გამოყენება თანამედროვე საზოგადოებაში..
კითხვები კითხვებად რჩება, პატარა მონსტრის ფიგურა კი კვლავ პოპულარობის ზენიტშია.