სამი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ევროპის ჩემპიონატი გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.
შეჯიბრი 20-წლამდელებს შორის ჩატარდა.
დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ფინალში პაპინაშვილმა თურქი აჰმეტ იაგანი დაამარცხა. დავით ჭეჭელაშვილმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია. კონსტანტინე პეტრიაშვილმა კი ფრანგ აშაბ დადაევს მოუგო.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ნიკა ზანგალაძე (57 კგ.) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ვასიფ ბაღიროვთან დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საბა ღამბაშიძე (61 კგ.) და გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ხუთი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენია. ნიკა ზანგალაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ევროპის ჩემპიონატი იტალიის ქალაქ კაორლეში ჩატარდა. შეჯიბრზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდური შედეგით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.