სპორტი
04.07.2025 12:47
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფება მაქსიმალურად ზრუნავს სპორტის განვითარებაზე.

„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ეროვნული ჰიმნი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ, ყველა ველოდით, რომ ეს დღე დადგებოდა და საქართველო გახდებოდა გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. მიღწეული გამარჯვება შრომის, მიზანმიმართული თავდადების და ერთიანობის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას გარემოს, სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რადგან რომ არა სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება სპორტის მიმართ, ასეთი წარმატებაც ვერ მოვიდოდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კვირის ამბები