საზოგადოება
03.07.2025 11:48
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 492 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 19 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ასევე, 492 აბიტურიენტია დარეგისტრირებული“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

აქვე გეტყვით, გასული წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით, შემდეგ ქალაქებში - თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურშია გახსნილი.

2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 80 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

კვირის ამბები