მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა. რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და დაგეგმილი აქტივობები შიდა ქართლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, პირველი მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მისი პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ეტაპობრივად, სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულებამდე სააგენტოს წარმომადგენლები განაგრძობენ სხვადასხვა რეგიონში სამუშაო შეხვედრებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ კომუნიკაციას. 2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr . napr . gov . ge / slr/index შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.