საზოგადოება
03.07.2025 11:32
ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო სერვისების დაფინანსება დაიწყო

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებს და მათ ოჯახებს მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.

„პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება.

ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგის და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევებიც.

პროგრამა, ასევე, მოიცავს, დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება პროგრამაში ჩართვას, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინოს ფორმა 100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

ცნობისთვის, გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს. მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს.

 

კვირის ამბები