საზოგადოება
02.07.2025 13:46
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გამკაცრდება

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება, - შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში ხორციელდება.

კანონის ახალი რედაქციის თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის (10 გრამამდე), გამომშრალი მარიხუანას (5 გრამამდე) და ნედლი მარიხუანას (10 გრამამდე) შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში კი გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

მცენარე კანაფის შემთხვევაში, სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობაა 10-დან 155 გრამამდე; გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5-დან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10-დან 150 გრამამდე. მათი შეძენა-შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), გამომშრალი მარიხუანას (70-დან 250 გრამამდე) და ნედლის (140-დან 500 გრამამდე), შეძენა-შენახვა გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.

რაც შეეხება განსაკუთრებულად დიდი ოდენობის შემთხვევას, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის - 750 გრამს და მეტს, მარიხუანას (გამომშრალ შემთხვევაში) 50 გრამს და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამს და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. კერძოდ, 145 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის დადგინდება თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი, ასევე, დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ამასთან, არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება. „კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.

 

კვირის ამბები