საზოგადოება
02.07.2025 13:45
შიდა ქართლის რეგიონში იდეათონის ვორქშოფებზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დასრულდება

შიდა ქართლის რეგიონში იდეათონის ვორქშოფებზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 2 ივლისს დასრულდება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, იდეათონის მიზანია, მონაწილეებს დაეხმაროს ინოვაციური სტარტაპ იდეის ფორმირებაში, დახვეწასა და განვითარებაში.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ორდღიან ვორქშოფებს საკუთარ მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც: მიიღებენ გუნდური მუშაობის გამოცდილებას; იმუშავებენ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებასა და პრობლემის გადაჭრის გზების და იდეების გენერაციაზე და შეისწავლიან იდეის ვალიდაციის გზებს.

„ვორქშოფებზე მონაწილეობა შუძლია 15+ წლის ადგილობრივ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ინოვაციური იდეების მქონე პირებს. იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კი კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს შიდა ქართლის პრე-აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ ინოვაციური იდეები, დასახოთ სტარტაპ იდეის, ან პროდუქტის განხორციელების სტრატეგია, მოემზადოთ 25 000 ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსისთვის“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

რაც შეეხება იდეათონის თარიღებს და ლოკაციებს, 3-4 ივლისი ჩატარდება კასპში, 5-6 ივლისს - ქარელში, 17-18 ივლისს - გორში, 19-20 ივლისს – ხაშურში. მსურველთა რეგისტრაცია კი შესაძლებელია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქსგვერდზე განთავსებულ ბმულზე.

კვირის ამბები