„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის. ცვლილება ეხება ქვეითად მოსიარულე პირების მიმართ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას.
თუ ქვეითი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნას დაარღვევს და უგულებელყოფს საგზაო ნიშნის, საგზაო მონიშვნის, ან მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალის მოთხოვნას, აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარით (დღემდე აღნიშნული ჯარიმა 10 ლარით განისაზღვრებოდა). აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი დამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება (დღემდე ჯარიმა 20 ლარი იყო). თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარით, ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა პირის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში.